28 მაი 2026
მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ძალადობს, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე თუ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი. ყველას მიმართ კანონი უნდა აღსრულდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ექვსი პირის დაკავების საკითხს ეხებოდა.
„იმისათვის, რომ ასეთ ძალადობას არ მიეცეს, თუნდაც პოტენციურად, სისტემური ხასიათი, საჭირო იყო დღევანდელი რეაგირება, რაც საზოგადოებამ იხილა. სწორედ იმის გამო, რომ თავის დროზე, სახელმწიფო არ რეაგირებდა ასეთი ტიპის სამართალდარღვევებზე, ვხედავდით, რომ იზრდებოდა თვითნებობა წინა ხელისუფლების პირობებში. იმისათვის არის აუცილებელი ასეთი მყისიერი რეაგირება, რომ სისტემური სახე არ მიიღოს ძალადობამ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ძალადობს, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე თუ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ყველას მიმართ კანონი უნდა აღსრულდეს“, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, საზოგადოებამ იხილა, რომ ხელისუფლებას ჰქონდა ადეკვატური, სათანადო და ჯანსაღი რეაქცია.
„ძალიან კარგია, რომ ეს კადრები გავრცელდა, გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებას მიეცა მყისიერად რეაგირების საშუალება. ეს იყო ძალიან მძიმე შემთხვევა და, რა თქმა უნდა, საჭირო იყო მყისიერი სამართლებრივი რეაგირება. საზოგადოებამ იხილა, რომ ხელისუფლებას ჰქონდა ადეკვატური, სათანადო, ჯანსაღი რეაქცია ამ მძიმე ფაქტზე. არცერთი სამართალდარღვევა, მითუმეტეს ასეთი ტიპის სამართალდარღვევა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა იმუშაონ მაქსიმალურად დახვეწილი ხელწერით. ეს არის ის, რაც მოიტანა ჩვენმა ხელისუფლებამ 2012 წლის შემდეგ და ეს არის ის ხელწერა, რასაც მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ. დღევანდელი ზომა, რაც არის უკვე მიღებული, ხელს შეუწყობს ჩვენი ხელწერის მაქსიმალურად შენარჩუნებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, წინა ხელისუფლების დროს, არათუ სჯიდნენ დამნაშავეებს, არამედ პირიქით, მათ ხელს აფარებდნენ.
„დახვეწილი ხელწერაა, როდესაც ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე. მინდა, შეგახსენოთ, როგორი იყო წინა ხელისუფლების ხელწერა. ხელწერა იყო, მაგალითად, რაც მოხდა სანდრო გირგვლიანის შემთხვევაში. არათუ არ დასაჯეს რეალურად მაშინ დამნაშავეები, პირიქით, სასათბურე პირობები შეუქმნეს დამნაშავეებს. თქვენ თუ მომიტანთ ფაქტს, როდესაც ასეთი, მსგავსი რამ მოხდა და ხელისუფლებამ ხელი დააფარა, ეს იქნება ჯანსაღი შეპასუხება, მაგრამ მე მოგიტანთ უამრავ ფაქტს, როდესაც ხდებოდა მსგავსი დანაშაული და ამაზე არათუ არ რეაგირებდა წინა ხელისუფლება, არამედ პირიქით, ხელს აფარებდა ხოლმე დამნაშავეებს, მათ უქმნიდა სასათბურე პირობებს. გირგვლიანის საქმე არის მხოლოდ ერთი მაგალითი, რაც ამას ადასტურებს. ჩვენი ხელწერა არის განსხვავებული, ჩვენი ხელწერა არის, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ჩაიდენს დანაშაულს, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე, თუ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ნებისმიერ შემთხვევაში, სამართალდარღვევა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი და ეს არის ის ხელწერა, რაზეც გესაუბრებით,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.