პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ღვინის ქარხანა №1“ - ში

28 მაი 2026

“ღვინის ქარხანა №1” -ის ენოთეკაში დაცული ალკოჰოლური სასმელების უნიკალური კოლექციის შესწავლა იწყება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი თბილისში, „ღვინის ქარხანა №1“-ის ტერიტორიაზე არსებული უნიკალური ენოთეკის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.

„ღვინის ქარხანა №1“-ის ტერიტორიაზე არსებულ ენოთეკაში, წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით 20 ათასამდე საკოლექციო ბოთლი ინახება. კოლექცია ორ საუკუნეზე მეტი ხნის დაძველების როგორც ქართულ, ისე უცხოურ პრემიუმ კლასის ღვინოებს აერთიანებს.

აქვე დაცულია ნაპოლეონ ბონაპარტის, იოსებ სტალინის და სხვა ისტორიულ ფიგურებთან დაკავშირებული უნიკალური ნიმუშები.

უნიკალური ენოთეკის გახსნა და მისი შესწავლა შესაძლებლობას იძლევა, ქართული ღვინო კიდევ ერთხელ მოექცეს საერთაშორისო ყურადღების ცენტრში და წარმოდგენილი ნიმუშები მსოფლიოს მსხვილი აუქციონების ლოტებად იქცეს.