გორის ინციდენტის შედეგად დაზარალებული პაპუნა ლოცულაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს

29 მაი 2026

გორის ინციდენტის შედეგად დაზარალებული პაპუნა ლოცულაშვილი, გვიან ღამით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა. პაციენტს ადგილზე გაეწია პირველადი დახმარება, ასევე ჩაუტარდა კლინიკური კვლევები.

ოჯახის წევრების განცხადებით, მისი კლინიკაში გადაყვანა ჯანმრთელობის გაუარესების გამო გახდა საჭირო. პაპუნა ლოცულაშვილი მანამდე მკურნალობას ბინაზე აგრძელებდა.

"პაციენტი იმყოფებოდა "ვივამედის" კლინიკაში, სადაც მას ჩაუტარდა კვლევები, მაგრამ პაციენტმა უარი განაცხადა სტაციონარში დარჩენაზე, გამოეწერა ბინაზე. ბინაზე ყოფნისას მისი მდგომარეობა შედარებით გაუარესდა. ჩვენთან უტარდება კვლევები და კვლევებიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას, პაციენტი მოთავსდება სტაციონარში, თუ გაეწერება ბინაზე. ამ ეტაპზე, კომპიუტერული ტომოგრაფიით, ტვინის შერყევა არ დადასტურებულა," - აცხადებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გადაუდებელი დახმარების მორიგე ექიმი, მანანა ლობჟანიძე.