29 მაი 2026
საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის, სუპერლიგის ფინალურ დაპირისპირებაში "ბათუმმა" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი 3:1 დაამარცხა და ისტორიაში პირველად გახდა ჩემპიონი. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება „თსუ“-მ საკუთარ მოედანზე მოიგო, თუმცა „ბათუმმა“ სერიაში ანგარიშში თბილისშივე გაათანაბრა.
მესამე შეხვედრაც, რომელიც უკვე ბათუმში გაიმართა, ზღვისპირელთა გამარჯვებით დასრულდა.
გადამწყვეტი იყო მეოთხე შეხვედრა. მოგების შემთხვევაში ბუბა ბერიშვილის შეგირდები ქვეყნის ჩემპიონები ხდებოდნენ, თუ „თსუ“ მოიგებდა, საჩემპიონო, მეხუთე შეხვედრა თბილისში გაიმართებოდა.
სტუდენტები საფინალო სირენამდე 21 წამით ადრე ხუთქულიანი სხვაობით 81:76 იგებდნენ, თუმცა დარჩენილ დროში ტომასმა ჯერ სამქულიანი ჩააგდო, შემდეგ ორი საჯარიმო და ანგარიში გაათანაბრა – 81:81. დამატებით დროში კი ბათუმელებმა დამაჯერებლად ითამაშეს, მეტოქეს 9 ქულა ჩაუგდეს, 90:81 გაიმარჯვეს და ქვეყნის ჩემპიონის ტიტულიც დამსახურებულად მოიპოვეს. ფინალების საუკეთესო კალათბურთელმა, მაირინ ტომასმა 28 ქულა და 15 მოხსნა მოაგროვა, გიორგი ოჩხიკიძემ – 22 ქულა, ხოლო აკაკი დვალიშვილმა და კარსონ ბაშამმა – 11-11 ქულა.
თსუ-ში მაკკოლიმ 24 ქულა ჩააგდო, ხოლო გიორგი ტურძილაძემ – 23. უნდა აღინიშნოს, რომ კალათბურთში ბათუმს საქართველოს ჩემპიონი გუნდი 22 წელია არ ჰყოლია.
ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშედ „ბათუმის“ ამერიკელი ლეგიონერი მაირინ ტომასი დასახელდა, საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო კი ბუბა ბერიშვილს გადაეცა.