31 მაი 2026
ევროპის ფეხბურთის მწვერვალზე ისევ ქართველი დგას. ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულია. ქართველმა ვარსკვლავმა კიდევ ერთი ისტორიული ღამე დაწერა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში „არსენალთან“ პენალტი მოიპოვა და „პარი სენ-ჟერმენს“ ტიტულის ზედიზედ მეორედ მოპოვებაში დაეხმარა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში პსჟ-სა და არსენალს შორის მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი პარიზელებმა 4:3 იმარჯვეს. უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართული ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის გადამწყვეტი მატჩი ქართველის გუნდისთვის უიღბლოდ დაიწყო. ლონდონელების სწრაფი კონტრშეტევა მე-6 წუთზე კაი ჰავერცმა დააგვირგვინა და „არსენალი“ წინ გაიყვანა.
ამის შემდეგ უპირატესობა ფრანგებმა მოიპოვეს, მაგრამ მიზანს მეორე ტაიმში მიაღწიეს, რაშიც მთავარი როლი კვარაცხელიამ ითამაშა – ქართველი ვარსკვლავი საჯარიმოში წააქციეს და „არსელანის“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც 65-ე წუთზე უსმან დემბელემ უნაკლოდ გამოიყენა.
83-ე წუთზე მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია ბრედლი ბარკოლათი შეცვალა. მას მერე, არც ძირითად დროში და არც დამატებულ 30 წუთში გოლი აღარ გასულა.
დაინიშნა თერთმეტმეტრიანების სერია, რომელიც უკეთესად პსჟ-მ შეასრულა და ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო.