ირანს სურს შეთანხმების დადება - ტრამპი

01 ივნ 2026

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით,  ირანს ნამდვილად სურს აშშ-სთან შეთანხმების დადება და  ეს კარგი იქნება ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეებისთვის. ამის შესახებ ტრამპმა თავის სოციალურ პლატფორმაზე დაწერა. მისი პოსტი გამოქვეყნდა რამდენიმე საათის შემდეგ, რაც აშშ-ის სამხედროებმა განაცხადეს, რომ შაბათ-კვირას ირანის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმა განახორციელეს.

მანამდე  ირანის რევოლუციური გვარდიის წევრებმა აშშ-ის ბაზა დაბომბეს, რაც სამთვიანი ომის დასრულების მიზნით მიმდინარე  მოლაპარაკებების ფონზე განხორციელებული ურთიერთგაცვლითი დარტყმების სერიის ბოლო შემთხვევაა.  

ტრამპი დღითიდღე ზეწოლის ქვეშ ექცევა. ნოემბრის კონგრესის არჩევნებამდე აშშ-ის პრეზიდენტმა უნდა მოახერხოს ჰორმუზის სრუტის გახსნა და შეამციროს საწვავზე ფასები, რადგან ამომრჩევლები ფასების ზრდასთან დაკავშირებით სულ უფრო მეტ იმედგაცრუებას გამოხატავენ.

ამავდროულად მას  თეირანთან ნებისმიერი დათმობის გამო საკუთარი პარტიის წევრების მხრიდან  უარყოფითი რეაქცია ემუქრება.