02 ივნ 2026
პროკურორის, ლაშა ცქვიტარიას განცხადებით, პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის საქმის ფარგლებში დაკავებული 12 პირიდან შვიდმა ბრალდების მხარეს საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა.
პროკურორის თქმით, ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ, რის გამოც პროკურატურამ მათთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე თანხმობა განაცხადა.
„პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის საქმეზე დღეს დასრულდა როგორც სახელმწიფო ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. სხდომა გადაიდო დასკვნითი სიტყვების ეტაპზე. გარდა ამისა, აღნიშნული საქმის ფარგლებში, სადაც პასუხისგებაშია მიცემული 12 პირი, სახელმწიფო ბრალდებას განცხადებით მომართა ხუთმა პირმა და ითხოვა საპროცესო შეთანხმების გაფორმება. აღნიშნული განცხადების მიხედვით, ხუთივე ბრალდებული აღიარებს და ინანიებს დანაშაულს. მათ მსგავსი პოზიცია დააფიქსირეს სასამართლოს სხდომაზეც. გარდა ამისა, უშუალოდ პროცესის დაწყებამდე დამატებით კიდევ ორმა ბრალდებულმა წარმოადგინა განცხადება საპროცესო შეთანხმების თაობაზე. შესაბამისად, მოცემულ ეტაპზე, ბრალად წარდგენილ ქმედებას აღიარებს და ინანიებს 12 ბრალდებულიდან შვიდი. სახელმწიფო ბრალდებამ გამოხატა მზაობა და თანხმობა მათთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე. შვიდივე ბრალდებულს გაუფორმდება საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე და უახლოეს პერიოდში აღნიშნული პირები გათავისუფლდებიან სხდომის დარბაზიდან. საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისთანავე, შვიდი ბრალდებული დატოვებს სხდომის დარბაზს. საპროცესო შეთანხმება ფორმდება სამი წლით პირობით მსჯავრზე. ბრალდებულებმა აღიარეს და მოინანიეს მათთვის ბრალად წარდგენილი ქმედებები. მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები ასახულია ვიდეომასალებში. შესაბამისად, დადასტურებულია, რომ ხსენებული პირები მონაწილეობდნენ ძალადობრივ ქმედებებში, რაც განხორციელდა პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღიარება მოხდება ფაქტის დონეზე, რაც მათ დღევანდელ სხდომაზე გააჟღერეს. ჩვენებების მიცემის საჭიროება არ არსებობს, იქიდან გამომდინარე, რომ ფაქტობრივი გარემოებები ისედაც დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით.
როგორც ცნობილია, სასამართლოში საქმე იხილება ხუთ ეპიზოდად. ცალკე წარმოებად იხილება დამატებით კიდევ სამი სისხლის სამართლის საქმე. აღნიშნული საქმის ფარგლებშიც რამდენიმე ბრალდებულს უკვე მომართული აქვს სახელმწიფო ბრალდებისთვის, სადაც ითხოვენ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას. შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ მათი ნაწილი დაკმაყოფილებულია და ადვოკატებს აღნიშნულის თაობაზე მომდევნო სხდომაზე ეტაპობრივად ეცნობებათ. შესაბამისად, არის გონივრული მოლოდინი, რომ უახლოეს პერიოდში სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული პირებიც გათავისუფლდებიან პირობითი მსჯავრით. მომდევნო სხდომაზე პროცედურულად მოხდება შუამდგომლობის წარდგენა სისხლის სამართლის საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის შესახებ. აღნიშნული შვიდი პირის მიმართ გამოიყოფა საქმე, გადაეცემა განსახილველად სხვა მოსამართლეს, რომელმაც უნდა განიხილოს საპროცესო შეთანხმების დამტკიცების საკითხი. პროცედურულად გარკვეული დრო დასჭირდება. ჩემი მოლოდინით, მომავალ კვირას არ უნდა გასცდეს“, – განაცხადა ლაშა ცქვიტარიამ.