ბათუმში საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა

02 ივნ 2026

2 ივნისს ბათუმში საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა, რომელიც საქართველოს 12 რეგიონის დელეგაციების აღლუმით დაიწყო. ახალგაზრდა სპორტსმენებმა ოლიმპიური დროშების თანხლებით შემოაბიჯეს სტადიონზე და თავიანთი რეგიონები მათი კუთხისთის დამახასიათებელი ქორეოგრაფიული ნომრების ფონზე წარადგინეს.

დიდ ეკრანზე უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გამოსახულება გამოჩნდა, ფონად კი გაისმა სიმღერა „საქართველო, მიყვარხარ“, რამაც ცერემონიას განსაკუთრებული ემოციური განწყობა შესძინა.

ღონისძიების განმავლობაში მაყურებელმა ასევე ვიდეორგოლი ქართველი ოლიმპიელების წარმატებების შესახებ. ოლიმპიურმა ჩემპიონებმა და პრიზიორებმა საზეიმოდ შემოიტანეს და აღმართეს ფესტივალის დროშა.

მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ელგუჯა ბერიშვილი.

ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ელგუჯა ბერიშვილმა საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა.

გაიმართა ტრადიციული ოლიმპიური ფიცის დადების ცერემონია. ფესტივალში მონაწილე სპორტსმენების სახელით ფიცი აჭარის ნაკრების წევრმა, ტაეკვონდოში საქართველოს ჩემპიონმა ვიოლა ცეცხლაძემ დადო.