ქვეყნის მასშტაბით გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოება გრძელდება

03 ივნ 2026

საქართველოს მთავრობის, ევროკავშირისა და გაეროს მხარდაჭერით გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. თაზაქენდში ახალი ავტომატური სადგური დაემატა. მიმდინარე წლის ბოლომდე ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი კიდევ 9 ავტომატური სადგურით გაფართოვდება.

ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის ხელშეწყობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ნაწილია, რომელსაც გაეროს სააგენტოები ავსტრიის გარემოს სააგენტოსთან თანამშრომლობით ახორციელებენ.

ბოლო წლებში, საქართველოს ხელისუფლებამ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, როგორც საკანონმდებლო სფეროში, ისე პრაქტიკული ღონისძიებების გატარების კუთხით. განსაკუთრებით ხაზგასასმელია საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა, რომელიც მიმართულია აღნიშნული კუთხით ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერებაზე.