ვინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს, ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელია 8,3 პროცენტი, ყველაფრის ლოგიკური გამოხატულებაა ბიზნესსექტორის ბრუნვის მასშტაბური ზრდა - პრემიერი

04 ივნ 2026

ვინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს. ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელია 8,3 პროცენტი, ამ ყველაფრის ლოგიკური გამოხატულებაა ბიზნესსექტორის ბრუნვის მასშტაბური ზრდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკონომიკის შემდგომი ზრდა უზრუნველყოფს კიდევ უფრო მეტად როგორც ზოგადად ეკონომიკის გაძლიერებას, ისე მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.

„ჩვენ მთავარია შევუნარჩუნოთ ზრდის ეს ტემპი, ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ თანდათანობით კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ავამაღლოთ მოსახლეობის კეთილდღეობის ხარისხი. თქვენ იცით, რომ პირდაპირ აისახება ეკონომიკური ზრდა სხვადასხვა მაჩვენებელზე, ეს არის დასაქმების მაჩვენებელი, ეს არის საშუალო ხელფასის მაჩვენებელი, ეს არის სიღარიბის მაჩვენებელი, სადაც გვაქვს ფუნდამენტური ცვლილებები ბოლო 5 წლის განმავლობაში და ბუნებრივია, ბიზნესსექტორის ბრუნვის შემდგომი ზრდა, ეკონომიკის შემდგომი ზრდა, უზრუნველყოფს კიდევ უფრო მეტად როგორც ზოგადად ეკონომიკის გაძლიერებას, ისე ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.