ბათუმი ჭადრაკში ქალთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს

04 ივნ 2026

ბათუმი ჭადრაკში ევროპის ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატს მასპინძლობს. ტურნირს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე დაესწრნენ. მინისტრი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრებს შეხვდა და მათ წარმატება უსურვა. შალვა გოგოლაძემ მერი არაბიძის დაფაზე საპატიო პირველი სვლაც გააკეთა.

ჩემპიონატი 11 ტურად, შვეიცარიული სისტემით იმართება და მასში 32 ქვეყნის 170-ამდე მოჭადრაკე მონაწილეობს. საქართველოს ღირსებას 30 მოჭადრაკე იცავს. ტურნირი FIDE-ს ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის ციკლის ნაწილია და მონაწილეებს ქალთა „მსოფლიოს თასის“ საგზურის მოპოვების შესაძლებლობას აძლევს. ევროპის საჭადრაკო კავშირის გადაწყვეტილებით ტურნირიდან „მსოფლიო თასზე“ მინიმუმ 10 მოჭადრაკე მიიღებს კვალიფიკაციას.

რაც შეეხება უშუალოდ ტურნირს, მე-7 ტურში ევროპის 2023 წლის ჩემპიონმა მერი არაბიძემ ერთპიროვნული ლიდერი, უკრაინელი ანასტასია ჰნატიშინი დაამარცხა და პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებდა, თუმცა მომდევნო ორ ტურში ზედიზედ ორჯერ დამარცხდა და სატურნირო მ დგომარეობა გაიუარესა.

ბელა ხოტენაშვილმა მე-9 ტურში რუმინეთის ნაკრების წევრი ირინა ბულმაგა დაამარცხა და 6.5 ქულით ევროპის ექსჩემპიონ ელინა დანიელიანთან ერთად მერვე-მეცხრე ადგილებს ინაწილებს.

ხოტენაშვილი მე-10 ტურში შავი ფიგურებით მსოფლიოს ექსჩემპიონ ანა უშენინას დაუპირისპირდება, არაბიძე კი საფრანგეთის წარმომადგენელ იოშა იგლესიასს შეხვდება.