05 ივნ 2026
“მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი ჩვენი რეგიონისთვის, ჩვენი მთავრობისთვის, მე ვფიქრობ, ჩვენი ტელევიზია და თითოეული მუშაკი იმსახურებს ღირსეულ პირობებში მუშაობას”,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ვახო ხუზმიაშვილის „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
მისი განცხადებით, რეგიონის ხელისუფლება ცენტრალურ მთავრობასთან კონსულტაციით ახალი, მრავალფუნქციური შენობის მშენებლობას გეგმავს. მთავრობის თავმჯდომარემ ვრცლად ისაუბრა დაგეგმილ პროექტზე და აღნიშნა, რომ მიზანი პრობლემის გრძელვადიანი მოგვარებაა. მისივე თქმით, ახალი შენობის პროექტზე ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.
„მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ეს არის უმთავრესი საკითხი ჩვენი რეგიონისთვის, ჩვენი მთავრობისთვის, მათ შორის საზრუნავი საკითხია. ჩვენი ამოცანა არ არის, რაღაც დროის მოკლე მონაკვეთით მოვაგვაროთ ეს პრობლემა და დროებით გამოვნახოთ ფართი, სადაც შეიძლება მრავალფუნქციურ რომელიმე კომპლექსში შევთავაზოთ ტელევიზიას გადასვლა. მე ვფიქრობ, ტელევიზია და თითოეული მუშაკი იმსახურებს ღირსეულ პირობებში მუშაობას.
ჩვენი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ჩვენ გავმართეთ კონსულტაციები, მათ შორის, ცენტრალურ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვგეგმავთ და არის რამდენიმე ლოკაცია გამოყოფილი, სადაც აშენდება ახალი ტელევიზიის შენობა. ეს იქნება მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობა, ზუსტად მორგებული თავიდან ბოლომდე ტელევიზიის ინტერესებზე. დაწყებული გარე სივრცით, თავისი პავილიონებით, სტუდიებით, საოფისე ფართებით, სადაც არამხოლოდ ტელევიზია, არამედ რადიოც და ყველა ქვედანაყოფისთვის იქნება შესაბამისი სივრცე.
პროფესიონალურ გუნდთან ერთად ჩვენ ვიმსჯელებთ. უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი პროექტზე, გათვალისწინებული იქნება ტელევიზიის თანამშრომლების ინტერესი და, ვფიქრობ, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, როგორც პროექტის დაწყების აღნიშვნის და საძირკვლის ჩაყრის, ასევე ერთად გავხსნით თანამედროვე ტიპის ტელევიზიის შენობას, რომელიც იქნება ჩვენი რეგიონის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი“, - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
აღნიშნულ საკითხს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი ირაკლი კიკვაძე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ისტორიული მნიშვნელობისაა, როგორც რეგიონისთვის, ისე ტელევიზიისთვის.
კიკვაძის თქმით, მისი გუნდის უმთავრესი პრიორიტეტი, სწორედ ტელევიზიის შენობის საკითხის მოგვარება და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა.