05 ივნ 2026
ამერიკული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ი 11 ივლისს თბილისში, თბილისი არენაზე ღონისძიებას ჩაატარებს, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად ორგანიზაცია ავრცელებს. Real American Freestyle-ი თავისუფალი ჭიდაობის ფორმატია ამერიკული ხედვით, რომელმაც ბოლო პერიოდში დიდი პოპულარობა მოიპოვა. ღონისძიებაზე მთავარი შეხვედრა მერაბ დვალიშვილსა და ჰენრი სეხუდოს შორის შედგება.
სეხუდო UFC-ს ორი წონის ყოფილი ჩემპიონია, ასევე ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში. რაც შეეხება მერაბ დვალიშვილს, ამერიკულ ორგანიზაციაში მან პირველი შეხვედრა 30 მაისს ფრენკი ედგარის წინააღმდეგ გამართა და დამაჯერებლად, 12:1 გაიმარჯვა.
სეხუდო და დვალიშვილი შერეულ ორთაბრძოლებში ერთხელ უკვე შეხვდნენ ერთმანეთს – 2024 წელს UFC-ში ქართველმა ამერიკელი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. თბილისში ორგანიზაციის ქამრისთვის ასევე იჭიდავებენ ოლიმპიური ჩემპიონები – აბდულრაშიდ სადულაევი და კაილ სნაიდერი.
თბილისურ ღონისძიებაზე იჭიდავებენ ასევე ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი, რომლის მეტოქე ოლიმპიური ჩემპიონი ამერიკელი ჯეიკ ვარნერი იქნება. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ვლადიმერ გამყრელიძე კი ასევე ამერიკელი კაილ დეიკი იქნება, რომელსაც ტოკიოსა და პარიზის ოლიმპიადებზე ბრინჯაოს მედლები აქვს მოპოვებული. გამყრელიძე-დეიკის დაპირისპირება სატიტულო იქნება.
RAF-ში თავის მეორე ბრძოლას ჩაატარებს გივი მაჭარაშვილი, რომელიც ამერიკელ ზაქერი ელამის დაუპირისპირდება.