05 ივნ 2026
4 ივნისს, საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალზე შეჯიბრებები სპორტის 14 სახეობაში გაიმართა, მედლების კომპლექტი გათამაშდა სპორტის შვიდ სახეობაში: ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, მინი ფეხბურთი, ცურვა, სამი-სამზე კალათბურთი, მძლეოსნობა, ქართული ჭიდაობა, ტაეკვონდო.
ამ დროისთვის საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე თბილისის გუნდი ლიდერობს, რომელსაც 13 ოქროს, 5 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი აქვს.
4 ოქროს, 1 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედლით მეორე ადგილს შიდა ქართლის გუნდი იკავებს. აჭარის გუნდს ამ დროისთვის 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი აქვს და მესამე პოზიციაზეა.
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიურ ფესტივალზე გამარჯვებულები გამოვლინდებიან სპორტის ცალკეულ სახეობებში, ხოლო მთავარი პრიზი იმ რეგიონს გადაეცემა, რომელიც ქულათა საერთო ჩათვლაში საუკეთესო შედეგს დააფიქსირებს.
დღეს ოლიმპიური ფესტივალის ბოლო საშეჯიბრო დღეა, დღესვე, ბათუმის ბულვარში კოლონადებთან საღამოს 20:00 საათზე გაიმართება დახურვისა და დაჯილდოების საზეიმო ცერემონია.