საქართველო VS ბაჰრეინი

05 ივნ 2026

5 ივნისს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის მეორე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბაჰრეინს უმასპინძლებს. ბაჰრეინი მეთერთმეტე აზიური ქვეყანაა, რომელსაც ჩვენი ნაკრები ეთამაშება.

სულ კი ეროვნულ გუნდს აზიელებთან 13 მატჩი აქვს ჩატარებული – 6 მოგება, 2 ფრე, 5 წაგება. მატჩამდე ერთი დღით ადრე ჩვენმა გუნდმა ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე გამართა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მედიასთან განაცხადა, რომ გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა სერიოზული არაა, მაგრამ არ ითამაშებს.

სამაგიეროდ, ხვიჩა კვარაცხელიას მოედანზე პირველივე წუთებიდან ვიხილავთ – ის ქართველ ფეხბურთელებს მოედანზე კაპიტნის სამკლაურით გაუძღვება. მიმდინარე წელს სანიოლის გაწვრთნილი გუნდი მოედანზე სამჯერ ვიხილეთ – ისრაელთან 2:2 ფრის შემდეგ, სტუმრად ლიეტუვას 2:0 სძლია, 2 ივნისს კი რუმინეთთან 1:1 ითამაშა.

ეს იქნება საქართველოსა და ბაჰრეინს შორის პირველი შეხვედრა – ჩვენი ეროვნული გუნდი ფიფა-ს რეიტინგში 72-ე ადგილზეა, ბაჰრეინი კი 91 პოზიციას იკავებს. შეხვედრა 20 საათზე დაიწყება.