პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის, ქურდობის და თაღლითობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავა

06 ივნ 2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,  სხვადასხვა დროს, ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის, ასევე, თაღლითობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულთაგან ოთხი, წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობით მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

"საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ არასრულწლოვნებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე სააფთიაქო და სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ასევე, დგინდება, რომ ერთ-ერთი ბრალდებული მოქალაქის კუთვნილ მობილურ ტელეფონს მართლსაწინააღმდეგოდ, თაღლითურად დაეუფლა.

 

არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტებს 30 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიადგათ.

 

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მიერ ამოღებულია ათეულობით სავაჭრო ობიექტის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რითაც ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებები დასტურდება", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე, 177-ე  და 180-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც  8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.