06 ივნ 2026
ბათუმში დასრულდა ევროპის ქალთა ჩემპიონატი ჭადრაკში. საზეიმო დახურვის ცერემონიაზე ჩემპიონ-პრიზიორები დააჯილდოვეს.
ევროპის ჩემპიონის ტიტული 15 წლის უკრაინელმა ანასტასია გნატიშინმა მოიპოვა. მან 11 ტურში 9 ქულა დააგროვა და კონკურენტებს ნახევარი ქულით აჯობა.
ვერცხლის მედალს ესპანელი საბრინა ვეგა გუტიერესი დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოს მედალი ავსტრიის წარმომადგენელმა ოლგა ბადელკამ მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ანასტასია გნატიშინისთვის ეს ჩემპიონატი გამორჩეულად წარმატებული აღმოჩნდა, მან შეასრულა საერთაშორისო ოსტატის ნორმა, 214 სარეიტინგო ქულა მოიმატა, ცოცხალ რეიტინგში მსოფლიოს საუკეთესო 20-წლამდელი მოჭადრაკე გოგონა გახდა, მოიპოვა 2026 წლის ქალთა მსოფლიო თასის საგზური და ევროპის ჩემპიონობით პირდაპირ მიიღო ქალთა დიდოსტატის ტიტული.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, საუკეთესო შედეგი ევროპის 2023 წლის ჩემპიონმა, დიდოსტატმა მერი არაბიძემ დააფიქსირა. მერიმ, 11 პარტიიდან 7,5 ქულა დააგროვა და დამატებითი მაჩვენებლებით ჩემპიონატი მე-9 ადგილზე დაასრულა, რითაც მსოფლიოს თასზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ მერი თითქმის მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერთა სამეულში იმყოფებოდა. მის ანგარიშზეა გამარჯვებაც ჩემპიონატის მომავალ გამარჯვებულთან.