15 ივნ 2026
რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო განახლებული სარაგბო ინფრასტრუქტურით შეხვდება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2026 წლის ივნისში დაგეგმილი რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს ასრულებს.
მსოფლიო ჩემპიონატისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტრო რაგბის სამი სპორტული კომპლექსის რეაბილიტაციას ახორციელებს, რაც ჯამში ხუთ სათამაშო მოედანს მოიცავს. სამუშაოები მიმდინარეობს თბილისში, ავჭალისა და შევარდენის სარაგბო კომპლექსებში, ასევე ქუთაისში, „აიას“ კომპლექსში შემავალ სამ სტადიონზე.
ხუთივე სტადიონზე უკვე დასრულებულია ჰიბრიდული საფარის მოწყობა და მიმდინარეობს მისი მოვლა-პატრონობის სამუშაოები. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ჰიბრიდული საფარი საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და ინტენსიური დატვირთვის პირობებშიც უზრუნველყოფს მოედნის გამძლეობასა და მაღალი ხარისხის სათამაშო გარემოს.
გარდა საფარისა, პროექტები ითვალისწინებს ადმინისტრაციული შენობების, ტრიბუნების, გასახდელების, სველი წერტილების, ფასადებისა და განათების სისტემების განახლებას, ასევე გარე და დამხმარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას. უწყების ინფორმაციით, გარდა ამისა, ფონდს დაგეგმილი აქვს, ჯამში, 18 რაგბის ტექნიკური ცენტრის პროექტირება და მშენებლობა, საიდანაც 12 ლოკაციაზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
პროგრამა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და ჯამური ინვესტიცია 100 მილიონ ლარზე მეტია.