მაისში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა წლიურად 7.1%-ით გაიზარდა და 339.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - ეროვნული ბანკი

15 ივნ 2026

2026 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 339.85 მლნ აშშ დოლარი - 911.0 მლნ ლარი შეადგინა, რაც 7.1% ით - 22.4 მლნ აშშ დოლარით მეტია 2025 წლის მაისის თვის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით ირკვევა, რომ მაისში გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 43.7%-ს შეადგენს, შესაბამისი 148.4 მლნ აშშ დოლარით, წლიური ზრდის ტემპი კი 6.0%-ს უტოლდება. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიისა და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.  

ამასთან, აშშ-დან და ისრაელიდან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება. კერძოდ, მაისში აშშ-დან 8.1%-იანი, ხოლო ისრაელიდან 22.7%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა, მოცულობამ კი, შესაბამისად,  63.9 და 29.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.