17 ივნ 2026
20-21 ივნისს ბათუმში ქვიშის ჭიდაობაში წლის ერთ-ერთი უმთავრესი ღონისძიება, მსოფლიო ჩემპიონატის სერიის მესამე ეტაპი აიღებს სტარტს. ქვიშის ჭიდაობაში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ჯემალ კილაძის ხელმძღვანელობით, არაერთი ისტორიული შედეგი აქვს დაფიქსირებული. ქვიშის მსოფლიო პირველ თამაშებზე ქართველმა მოჭიდავეებმა ოთხ წონით კატეგორიაში ოთხი მედალი მოიპოვეს.
ჩემპიონები ლევან ქელეხსაშვილი და დავით ხუციშვილი გახდნენ, ვერცხლის მედლებს კი დავით მარსაგიშვილი და მამუკა კორძაია დაეუფლნენ. ჩვენმა ნაკრებმა ორჯერ აჩვენა ისტორიული შედეგი და მსოფლიოს სერიებზე 4-დან 4-ვე წონაში ოქროს მედალი მოიპოვა.
აღნიშნული შედეგი 2019 წელს ბრაზილიასა და 2021 წელს საფრანგეთში დაფიქსირდა, როდესაც ოთხეულმა - ლევან ქელეხსაშვილის, დავით ხუციშვილის, დავით მარსაგიშვილისა და მამუკა კორძაიას შემადგენლობით, ისტორია დაწერა და სამშობლოში ოთხი ოქროთი დაბრუნდა. ამჟამად საქართველოს ეროვნული ნაკრები საწვრთნელი შეკრების დასკვნით ეტაპს გადის. ბათუმში გასამართ ღონისძიებას მოქმედი ჩემპიონის რანგში სამი ქართველი შეხვდება.
ლუკა ჩხიტუნიძემ, იუზა ცერცვაძემ და მამუკა კორძაიამ ოქროს მედლები პორეჩის მსოფლიო მეორე სერიაზეც მოიპოვეს. მსოფლიო სერიების მესამე ეტაპს ბათუმის ქვიშის მოედანი უმასპინძლებს. ტურნირზე დასწრება თავისუფალია.