აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის საათი უმაღლეს საბჭოში

18 ივნ 2026

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ედნარ ნატარიძემ „მინისტრის საათის“ ფორმატში აჭარის უმაღლეს საბჭოში სამინისტროს საქმიანობისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა.

მინისტრის ინფორმაციით, 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შემოსულობებმა 203 მილიონ ლარს გადააჭარბა და გეგმა 104,2 პროცენტით შესრულდა. შემოსავლების ნაწილში კი შესრულებამ 109,5 პროცენტი შეადგინა.

ედნარ ნატარიძემ რეგიონში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა 9 პროცენტით, დასაქმება 5 პროცენტით, ხოლო პროდუქციის გამოშვება 16 პროცენტით გაიზარდა. სხდომაზე ასევე ისაუბრეს ტურიზმის, სპორტული და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების, წყალმომარაგების სისტემების მშენებლობის, ნარჩენების მართვის, „ოცნების ქალაქის“ პროექტისა და მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროცესზე.

მინისტრის განცხადებით, რეგიონში მასშტაბური ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების განხორციელება გრძელდება.