ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება, სანამ პრემიერი ვარ - ნეთანიაჰუ

22 ივნ 2026

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ იერუსალიმში გამართულ ყოველწლიურ საერთაშორისო პოლიტიკის სამიტზე განაცხადა, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება, სანამ ის პრემიერ-მინისტრია.  

ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაძაბული ურთიერთობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უპასუხა და თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ ყოველთვის ერთი პოზიცია არ აქვთ,  ისინი ერთმანეთის სუვერენიტეტს პატივს სცემენ.

პარასკევს ახალი ზავის  გამოცხადების მიუხედავად ლიბანში საომარი მოქმედებები საზღვრის ორივე მხარეს გაგრძელდა. შაბათს ისრაელის თავდასხმების შედეგად ლიბანში სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა.

ნეთანიაჰუმ სამიტზე განაცხადა, რომ სამხედროები ლიბანის სამხრეთში ისრაელის საზღვრის გასწვრივ გააგრძელებენ უსაფრთხოების ზონის დაკავებას სანამ საჭირო იქნება.

„ჩვენ შევქმენით უსაფრთხოების ზონა ლიბანში და შევინარჩუნებთ მას მანამ, სანამ საჭირო იქნება ჩვენი ხალხის დასაცავად“ - განაცხადა ნეთანიაჰუმ.