22 ივნ 2026
ანგისის სასროლეთზე დასრულდა საქართველოს თასის გათამაშების მეორე ეტაპი მშვილდოსნობაში. შეჯიბრებაში აჭარის, თბილისის, ქუთაისისა და მარნეულის გუნდები მონაწილეობდნენ. ასპარეზობა, რომელშიც 30-მდე ვაჟი და გოგონა მონაწილეობდა, ორ სახეობაში, - კლასიკურ მშვილდოსნობასა და კომპაუნტში გაიმართა. ვაჟთა შორის კლასიკურ მშვილდოსნობაში მეორე ეტაპის გამარჯვებული ირაკლი ოთიაშვილი გახდა, დავით ბასილაძემ და თემურ დავითაძემ, შესაბამისად, მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს. სამივე მშვილდოსანი აჭარის ნაკრების წარმომადგენელია.
ქალთა შორის ტურნირი ბათუმელმა ციკო ფუტკარაძემ მოიგო, მეორე ადგილზე მისი თანაგუნდელი ირა არჯევანიძე გავიდა, მარნეულელი სალომე ხარშილაძე კი ბრინჯაოს დასჯერდა. კომპაუნტში ჩემპიონი აკაკი ლეკვეიშვილი გახდა, ვიცე-ჩემპიონის ტიტული კი ჯაბა მოსეშვილმა მოიპოვა. მესამე ეტაპი მოგვიანებით გაიმართება.
სამივე ეტაპზე გამარჯვებულებს შორის გაიმართება სუპერგათამაშება, რომელიც საბოლოოდ გამოავლენს საქართველოს თასის მფლობელებს. ქართველ მშვილდოსნებს წინ არაერთი მნიშვნელოვანი ტურნირი ელის. მიმდინარე თვის ბოლოს დიდების ნაკრები ესპანეთში მსოფლიო თასზე გაემგზავრება, ახალგაზრდული ნაკრები კი ივლისში იტალიაში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.