23 ივნ 2026
უკრაინამ შესაძლოა გადახედოს რუსეთისთვის შეთავაზებულ წინადადებას დე ფაქტო ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუ გაეროს უშიშროების საბჭო ვერ მიიღებს რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებს საომარი მოქმედებების სრულ და უპირობო შეწყვეტისკენ, განაცხადა გაეროში უკრაინის წარმომადგენელმა, ანდრეი მელნიკმა. ეს განცხადება მელნიკამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში ომის საკითხზე მოწვეული მეექვსე შეხვედრა იყო.
„უკრაინა მზადაა ჩაერთოს პირდაპირ მოლაპარაკებებში რუსეთთან, რათა უზრუნველყოს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა გაეროს წესდების შესაბამისად, მაგრამ ჩვენი მოთმინება უსაზღვრო არ არის“, - თქვა მან და აღნიშნა, რომ უკრაინამ არაერთხელ მოუწოდა უშიშროების საბჭოს, მიეღო რეზოლუცია სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
„თუ უშიშროების საბჭო კვლავ აირჩევს მიდგომას „დაელოდე და ვნახოთ“, არ გამოვრიცხავ, რომ უკრაინამ შეიძლება გადააფასოს და შეცვალოს თავისი შეთავაზება. დე ფაქტო ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტა უკვე დიდი კომპრომისია“, - განაცხადა მელნიკმა.
მისივე თქმით, უკრაინამ ბოლო დარტყმებით შეცვალა ომის დინამიკა, რომელიც უკვე მეხუთე წელის მიმდინარეობს, და აღნიშნა, რომ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაახლოებით 40% დაზიანებულია. უშიშროების საბჭოს სხვა წევრებთან ერთად, მელნიკმა მკაცრად დაგმო რუსეთის მიერ გასულ კვირას ისტორიულ კიევ-პეჩერის ლავრის მონასტერზე განხორციელებული დარტყმა.
რუსეთმა უარყო, რომ თავს დაესხა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს და დარტყმა აშშ-ში წარმოებულ პეტრიოტის საჰაერო თავდაცვის რაკეტას დააბრალა.