23 ივნ 2026
მოსწავლეთა იდეების კონკურსი „შენი იდეა ტყისთვის“ დასრულდა. კონკურსი პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia”-ს ფარგლებში გაიმართა და მისი მიზანი ტყის დაცვის, აღდგენისა და გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრის მიმართულებით ინოვაციური იდეების შექმნაში ახალგაზრდების ჩართვაა.
კონკურსში IX–XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებმაც საკუთარი იდეები ინდივიდუალურად წარადგინეს. მონაწილეთა ნამუშევრები ტყის დაცვასა და აღდგენას შეეხებოდა, კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა.
პირველ ეტაპზე მონაწილეებმა იდეები ონლაინ ფორმატის საშუალებით წარმოადგინეს, ხოლო მეორე ეტაპზე კი შერჩეული ფინალისტების პროექტები ჟიურის წევრებმა შეაფასეს.
კონკურსის ფინალისტებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს სპეციალურად მათთვის ორგანიზებულ საგანმანათლებლო პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც სპეციალისტებს შეხვდნენ და ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს ეწვივნენ, სადაც ტყის ეკოსისტემების მნიშვნელობასა და დაცვის პრაქტიკულ საკითხებს გაეცნენ. კონკურსის გამარჯვებულებს სასაჩუქრე ვაუჩერები და სერთიფიკატები გადაეცათ. კონკურსი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული.