ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა

23 ივნ 2026

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგა რუგინინე თანამდებობიდან გადადგა - ინფორმაციას ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. დღეს ლიეტუვის მინისტრთა კაბინეტი შეიკრიბა, რომელზეც მინისტრებმა მთავრობის გადადგომის შესახებ რეზოლუცია დაამტკიცეს.

ინგა რუგინინემ თანამდებობა ლიეტუვის მმართველ კოალიციურ მთავრობაში მომხდარი ცვლილებების გამო დატოვა.

მიმდინარე თვის დასაწყისში ლიეტუვის „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ გამოაცხადა, რომ კოალიციაში შემავალ ულტრამემარჯვენე პარტია „ნემანის განთიადთან“ თანამშრომლობა შეწყვიტა და მოლაპარაკებები პარტიასთან „ლიეტუვისთვის“ დაიწყო. ახალმა კოალიციამ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად „სოციალ-დემოკრატების“ ლიდერი, მინდაუგას სინკევიჩიუსი წარადგინა.

ლიეტუვის ახალი მმართველი კოალიცია „სოციალ-დემოკრატებისგან“, პარტიისგან „ლიეტუვისთვის“ და „ლიეტუველი ფერმერების, მწვანეთა და ქრისტიანული ოჯახების კავშირისგან“ შედგება.

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ სეიმს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა მომდევნო 15 დღის განმავლობაში უნდა წარუდგინოს, რომელიც დეპუტატებმა ერთი კვირის ვადაში უნდა დაამტკიცონ.