23 ივნ 2026
საქართველოს პარლამენტში დღეს სახალხო დამცველის ანგარიში მოისმინეს. ლევან იოსელიანი დეპუტატების წინაშე საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტით წარსდგა.
ომბუდსმენმა ისაუბრა გასულ წელს სხვადასხვა მიმართულებით სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული მონიტორინგისა და მოქალაქეების საჩივრებზე რეაგირების შედეგებზე. ანგარიში ლევან იოსელიანმა ოკუპირებული ტერიტორიებით დაიწყო და აღნიშნა, რომ უკანონო ბორდერიზაციის პროცესი კვლავ გრძელდება.
მისი თქმით, დარღვეულია საკუთრების უფლება და ხდება ადამიანების ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავება, რაც ხშირ შემთხვევაში, გასული წლებისგან გასხვავებით ჯარიმის გადახდით გათავისუფლების ნაცვლად პატიმრობით სრულდება. სახალხო დამცველის ინფორმაციით პრობლემად რჩება ასევე სკოლებში განათლების მშობლიურ ენაზე ხელმისაწვდომობა.
ომბუდსმენმა ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდი ქვეყნისთვის სამოქალაქო და პოლიტიკური მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრებით გამოირჩეოდა. ლევან იოსელიანმა ხაზი გაუსვა ჯარიმების გამკაცრებას. ისაუბრა შეკრების შესახებ კანონზე და აღნიშნა, რომ შეკრების მზღუდავი ნორმების ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს.
სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდა ასევე აქციებზე დაკავებული პირების შესახებ ინფორმაცია, რომელტა ნაწილიც მისი განცხადებით არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს.