23 ივნ 2026
ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ექსპერტები მავნებლებთან ბრძოლის საქართველოს გამოცდილებას სამაგალითოდ მიიჩნევენ ,23-26 ივნისს, საქართველო ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) 64-ე რეგიონულ სამუშაო შეხვედრას მასპინძლობს, რომელშიც ორგანიზაციის წევრი ქვეყნების 20 -მდე დელეგატი მონაწილეობს.
რეგიონული შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლაშა ავალიანმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა და ხაზი გაუსვა სურსათის ეროვნული სააგენტოს მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას ორგანიზაციასთან.
აღინიშნა, რომ საქართველოში ასეთი მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრის გამართვა, ქვეყნის ფიტოსანიტარიული სისტემის ნდობის გამოხატვასთან ერთად, იმ პროგრესის აღიარებაცაა, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბოლო წლებში, საერთაშორისო ფიტოსანიტარიული სტანდარტების დანერგვის (ISPM) მიმართულებით განახორციელა.
რეგიონულ სამუშაო შეხვედრას ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის - EPPO გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიკო ჰორნი ხელმძღვანელობს. მისი შეფასებით, აზიური ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით საქართველოს გამოცდილება არის უნიკალური და სამაგალითო.