24 ივნ 2026
2025 წელს გაიზარდა რეალიზატორების გამოვლენისა და მათი დანაშაულებრივი კავშირების გამოძიების პრაქტიკა, ხოლო დანაშაულებრივ ქსელში ჩართული ხელშემწყობი პირების მიმართ გატარდა მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა საზღვარზე მიგრირებად ვიზიტორებსა და იმპორტირებულ ტვირთებს, - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პარლამენტში პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.
მისი თქმით, ნარკოტიკული და სხვა აკრძალული საშუალებების საქართველოში შემოტანისა და ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის საპრევენციოდ გატარებული ღონისძიებების ფარგლებში, 2025 წელს გაუმჯობესდა დანაშაულის გამოვლენისა და რეაგირების წინა წლის მაჩვენებელი.
"ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელთა მზარდი რაოდენობის მიუხედავად, პროკურატურა მათ მიმართ ატარებდა დაბალანსებულ პოლიტიკას და იყენებდა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშემწყობ სასჯელს, რომელიც დანაშაულის გავრცელების შემცირებისა და მომხმარებლის დამოკიდებულებისგან გათავისუფლების ხელშემწყობ საშუალებას წარმოადგენს", - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.
როგორც გიორგი გვარაკიძემ აღნიშნა, არასრულწლოვანების საქმეთა სამმართველო დაკომპლექტდა სპეციალიზებული პროკურორებით, რომლებიც საპროცესო ხელმძღვანელობასა და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას ახორციელებენ მხოლოდ ამ საქმეებზე.
მისივე განმარტებით, სპეციალიზებული პროკურორები იმ არასრულწლოვანების მიმართ, რომლებიც აკმაყოფილებენ კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებს, უპირატესობას სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიულ მექანიზმებს ანიჭებდნენ, რომელიც 905 ბრალდებულზე გავრცელდა.
"საჯარო ინტერესის პარალელურად, პროკურატურის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს ბავშვის მხარდაჭერა რთული ქცევის დაძლევაში, რათა მას მიეცეს შესაძლებლობა ცხოვრება ნასამართლობის გარეშე განაგრძოს. 2025 წელს, გასული წლების მსგავსად, განრიდება ძირითადად გამოყენებულია ქურდობის ჩამდენი 377 (65%) არასრულწლოვანის მიმართ. რაც შეეხება არასრულწლოვანთა მიმართ აღკვეთის ღონისძიებისა და სასჯელის გამოყენებას, 2025 წელს არასრულწლოვანთა მიმართ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიებების საერთო რაოდენობიდან პატიმრობის პროცენტულმა მაჩვენებელმა 31,8% შეადგინა (განრიდებული პირების რაოდენობის გათვალისწინებით კი მონაცემი 9,8%-ია), პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი კი - 25,1%. საქმეთა საერთო რაოდენობაში 13,1%-ს შეადგენს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების ჯამური მაჩვენებელი," - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.