24 ივნ 2026
ევროპაში რეკორდული სიცხეები. ჰაერის მაღალმა ტემპერატურამ მდინარეები, არხები და შადრევნები ადამიანების გაგრილების ცენტრებად აქცია. ლონდონში ცელსიუსით 35 გრადუსამდე დაცხა.
ისლინგტონის ნავების კლუბის დირექტორი ამბობს, წყალი ადამიანებს განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურის დროს იზიდავს და ეს მისი ბიზნესისთვის ძალიან კარგია.
ძლიერმა სიცხეებმა ბოლო დღეების განმავლობაში დიდი ბრიტანეთი, იტალია, შვეიცარია და ესპანეთი მოიცვა. სტიქიამ ათობით ადამიანი იმსხვერპლა. მხოლოდ საფრანგეთში ორმოცი ადამიანი დაიხრჩო მდინარეებსა და არხებში. მაღალ ტემპერატურას საფრანგეთში კიდევ ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა. ორი და ოთხი წლის ბავშვები ძლიერი სიცხის დროს ავტომობილში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
მიმდინარე წლის ივნისი საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე ცხელია. მომდევნო დღეების განმავლობაში საფრანგეთის უმეტეს ნაწილში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს. ძლიერი სიცხეების გამო 3 ათასამდე სკოლა დროებით დაიხურა.
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მონაცემებით, ევროპაში ჰაერის ტემპერატურა საშუალო გლობალურ მაჩვენებელზე ორჯერ მეტია, რაც ასეთი ხანგრძლივი სიცხის ეპიზოდების ალბათობას სულ უფრო ზრდის.