24 ივნ 2026
ბათუმში მიმდინარე სასკოლო სპორტული ოლიმპიადის დასკვნით თამაშებზე დღეს გამარჯვებულები ვაჟთა და გოგონათა შორის კალათბურთსა და ფრენბურთში გამოვლინდნენ.
ფრენბურთში გოგონათა შორის ხონის მეორე საჯარო სკოლის გუნდმა თბილისის 103-ე საჯარო სკოლის გუნდს მოუგო. ვაჟთა შორის კი ერთმანეთს მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოსა და ბოლნისის 1-ლი საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ. საქართველოს ჩემპიონის ტიტული სამეგრელოს წარმომადგენლებმა მოიპოვეს.
კალათბურთში ვაჟთა შორის გამარჯვებული თელავის მეცხრე საჯარო სკოლის გუნდი გახდა, რომელმაც ფინალში ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლის გუნდი დაამარცხა. გოგონათა შორის კი ჩემპიონობა თბილისის მეასე საჯარო სკოლის გუნდმა იზეიმა, ვიცე ჩემპიონი კი აქაც ქუთაისის 23-ე სკოლა გახდა.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ზეგ, 26 ივნისს დასრულდება. ჩემპიონები ხუთი ხუთზე კალათბურთსა და ბადმინტონში გამოვლინდებიან. დაითვლება საბოლოო შედეგები და ცნობილი გახდება, ვინ მოიპოვებს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის 2025-2026 წლების სეზონის ჩემპიონის ტიტულს, - აღმოსავლეთი თუ დასავლეთი.