თბილისში 23-ე და 102-ე საჯარო სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

25 ივნ 2026

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

მათი ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს ისტორიული შენობის სრულ რეაბილიტაციას, შიდა სივრცეების, სააქტო დარბაზის, სამზარეულოსა და საკლასო ოთახების განახლებას, საინჟინრო სისტემების მოწყობასა და სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას. 23-ე სკოლა 1 500 მოსწავლეზეა გათვლილი, ხოლო პროექტის ღირებულება 14.8 მილიონ ლარს აღემატება.

რაც შეეხება მეორე პროექტს, განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი თბილისის №102 საჯარო სკოლაში დაგეგმილია არსებული შენობის სრული რეაბილიტაცია, ენერგოეფექტური გადაწყვეტილებების დანერგვა, ფასადის განახლება და თბოიზოლაცია, შიდა სივრცეების რესტავრაცია და ეზოს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

სკოლა 180 მოსწავლეზეა გათვლილი და პროექტის ღირებულება 9.4 მილიონ ლარს შეადგენს.