პრემიერ-მინისტრის ანგარიში

26 ივნ 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს პარლამენტში წლიური მოხსენებით წარდგა. პარლამენტში წარდგენილი ანგარიში მოიცავდა  მთავრობის საქმიანობას გასული წლის პირველი ივნისიდან და მასში ყველა სფეროზეა საუბარი. ირაკლი კობახიძემ ვრცლად ისაუბრა  ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, საგარეო კურსზე, შიდა და გარე გამოწვევებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და დაგეგმილ რეფორმებზე.  ანგარიშის წარდგენისას პრემიერმა აღნიშნა, რომ პირველად ისტორიაში საქართველოს ეკონომიკა გადასცდა 100 მილიარდ ლარს და  ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი არის შენარჩუნებული მიმდინარე წელსაც. 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, გასულ  წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა 7,6 პროცენტით და  რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია სავალუტო რეზერვებმა.   

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა მესტიის გამრიცხველიანების საკითხზე, ასევე აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში, გაზიფიკაციის პროცესში, ქვეყნის მასშტაბით 60-ზე მეტი დასახლებული პუნქტი ჩაერთო გაზის მიწოდების ქსელში.    

მთავრობის მეთაურის თქმით, 2031 წელს არსებითად დასრულდება მაგისტრალების მშენებლობა და 1 წელიწადში ამას დაემატება სამტრედია-ზუგდიდის მონაკვეთიც. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ წლის ბოლომდე დასრულდება ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა,  ხოლო წითელი ხიდი-სარფის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი მთლიანობაში 2031 წელს დასრულდება.

ინფრასტრუქტურულ პროექტებში პრემიერმა ასევე დაასახელა ვაზიანში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის პროექტი, რომელიც დაახლოებით 20 მლნ მგზავრს მოემსახურება, ასევე მალე დაიწყება თელავის აეროპორტის და მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გაგრძელდა მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამა. საკანონმდებლო ორგანოში პრემიერის ანგარიშს მთავრობის წევრები, კათალიკოს-პატრიარქი შიო მესამე და აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების თავმჯდომარეები, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ.