სასკოლო ფორმის ფასი იქნება რამდენჯერმე იაფი კერძო სკოლების ფორმების ფასთან შედარებით, 65 000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახი კი, რომელსაც დაწყებითი კლასის მოსწავლე ჰყავს, ფორმას უსასყიდლოდ მიიღებს - განათლების მინისტრი

01 ივლ 2026

უახლოეს დღეებში ჩვენ დავადგენთ ფასს, რომელიც განისაზღვრება როგორც პიჯაკებისთვის, ასევე შარვლებისა და ქვედაბოლოებისთვის. სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ფასი იქნება რამდენჯერმე იაფი კერძო სკოლების ფორმების ფასთან შედარებით, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა ის ოჯახი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეფასებულია 65 000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულით და ჰყავს დაწყებითი კლასის მოსწავლე, ფორმას სრულიად უსასყიდლოდ მიიღებს.

„ჩვენი მიზანი იყო და არის, რომ ეს საქმიანობა ქართულ კომპანიებთან ერთად განხორციელდეს, მაგრამ როდესაც ბაზრის კვლევა და ტენდერი თავისუფალი მონაწილეობის შესაძლებლობას ითვალისწინებს, პირველი ბაზრის კვლევის შედეგად გამოვლენილმა კომპანიამ, სამწუხაროდ, ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაცია სრულყოფილად ვერ წარმოადგინა. კანონმდებლობიდან გამომდინარე, აღნიშნული ბაზრის კვლევა ვერ შედგა.

 

კომპანია, რომელთანაც ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება, ჩინეთში უმაღლესი სტანდარტის მქონე და ნომერ პირველი სასკოლო ფორმების მწარმოებელია. ამ კომპანიის ხელმძღვანელი უკვე ჩამოსულია საქართველოში. დღეს მასთან შეხვედრა გავმართეთ და სრული გარანტია მივიღეთ როგორც ხარისხზე, ასევე ვადებზე,” - განაცხადა მიქანაძემ.