01 ივლ 2026
მოგვიწევს გათვითცნობიერება, რომ ოპოზიციური ლანდშაფტი არ არსებობს ქვეყანაში. არსებობს აგენტურა, რომელიც სხვადასხვა ფრთიდან და სხვადასხვა ფლანგიდან დავალებების შესაბამისად, იბრძვის ხელისუფლებაში მოსვლისათვის, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, არსებობს აგენტურა, რომელიც უკვე იყო ხელისუფლებაში და ასრულებდა დავალებებს, რასაც, მდინარაძის თქმით, სავალალო შედეგები ჰქონდა.
„ამ დავალებების სავალალო შედეგები ბევრმა საკუთარ თავზე გამოვცადეთ და ბევრმა ოჯახის წევრზე, მეზობელზე, ნათესავსა და საკუთარ ქვეყანაზე. მათი ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, შედეგი იქნება ისევ აგენტურის მიერ ქვეყნის მართვა დავალებების შესაბამისად. ეს არ უნდა დავუშვათ და ამ არდაშვების აუცილებელი პირობაა, გავათვითცნობიეროთ, რომ ჩვენ არ გვყავს ოპოზიცია, გვყავს აგენტურა, რომელიც იღებს დავალებას. აგენტურა, რომელიც შემდეგ აფინანსებს მისი გავლით მედიასაშუალებებს. აგენტურა, რომელსაც ჩაეხსნა დაფინანსების წყაროები „ფარას“ კანონის მიხედვით და ახლა კიდევ უფრო დასუსტებულია. ჩვენ კარგად გავთვალეთ ეს სვლები და სწორედ ამიტომ იყო „რუსული კანონის“ ორწლიანი ფეიკკამპანია, საუკუნის თაღლითობად წოდებული. მათ ხომ ჩვენზე არანაკლებ კარგად იცოდნენ, რომ აგენტურის მთავარი დაფინანსების არხი იჭრებოდა გამჭვირვალობის კანონით. ამიტომ იყო ასეთი ისტერია, თორემ დღეს კანონი მუშაობს, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, უბრალოდ ვხედავთ დასუსტებულ ოპოზიციას. მეტი არავის არაფერი შეტყობია. ეს არის ამ კანონის მუშაობის შედეგი. ოპოზიცია წარმოადგენს რეალურად დასუსტებულ აგენტურას – ამის გათვითცნობიერებას თუ შევეცდებით, თუ მივხვდებით, რომ არ გვაქვს საქმე ოპოზიციასთან, უბრალოდ მას ხანდახან ვუწოდებთ ოპოზიციას და რეალურად, აგენტურასთან გვაქვს საქმე, მაშინ კიდევ უფრო სწორ გადაწყვეტილებებს მივიღებთ და დასკვნებს გამოვიტანთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, აგენტურული დავალებების შესრულებაში ერთ-ერთი წარჩინებული იყო სააკაშვილი.
"საქართველოში აგენტურული ჯგუფებიდან დავალებების ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული შემსრულებელი იყო მიხეილ სააკაშვილი და დღესაც თავისი როლი რჩება. ეს განსაკუთრებული როლია ეს არა მხოლოდ პარტიაში, არამედ ე.წ. ოპოზიციურ ფლანგზე, რეალურად აგენტურულ ჯგუფებში.
სააკაშვილი ცდილობს, მათ დაუმტკიცოს, რომ ისევ აქვს იმდენი გავლენა, რომ მასზე გააკეთონ არჩევანი. ეს გამოხდომები მხოლოდ ამას ემსახურება. არ უნდა დავიჯეროთ, რის დაჯერებასაც ცდილობენ, რომ შიდა გადანაწილებაა ოპოზიციურ ველზე. ეს ყველაფერი მოჩვენებითია, მსგავსი არაფერი ხდება. პიროვნული მომენტები იქნება, საკუთარი ეგო განსაკუთრებული ამბიციის მქონე აგენტებს სძალავთ ხოლმე, მაგრამ ჩვენ საქმე გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ძალების მოსინჯვასთან, პატრონებთან გაპრანჭვასთან და აგენტურული ძალაუფლების გადანაწილებასთან, ეს უნდა გავათვითცნობიეროთ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.