01 ივლ 2026
ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. გამოცდები, წელსაც, ტრადიციულად, ორ სესიად ჩატარდება.
აჭარაში 4 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა, სამი ბათუმში და ერთი ხულოში, სადაც 4500-მდე აბიტურიენტი ჩააბარებს გამოცდებს. ქვეყნის მასშტაბით კი _ 12 ქალაქში გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში დაახლოებით 83 ათასი აპლიკანტია რეგისტრირებული.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლებმა თბილისის 181-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს. მათი ინფორმაციით, ყველა საგამოცდო ცენტრი საგამოცდო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, აღჭურვილია შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და ინვენტარით, მათ შორის გაგრილების სისტემით.
5 ივლისიდან საგამოცდო პროცესში მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები ჩაერთვებიან. 17ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 23 და 24 ივლისს ჩააბარებენ.