02 ივლ 2026
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მოლაპარაკებების ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ღრმა შეშფოთება გამოთქვა 2026 წლის 9 მაისს რუსეთსა და ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმს შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ გაფორმებული ე.წ. შეთანხმებისა და მისი ნაჩქარევად იმპლემენტაციის გამო.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდში, სადაც საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა, ქართულმა დელეგაციამ ღრმა შეშფოთება გამოთქვა 9 მაისის ე.წ შეთანხმების გამო და აღნიშნეს, რომ მსგავსი ტიპის ე.წ. შეთანხმებები იურიდიული თვალსაზრისით ბათილია, უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს და აფერხებს კონსტრუქციულ დიალოგს.