03 ივლ 2026
„ტურიზმი გამოწვევები და მდგრადი განვითარება„ - ბათუმი დღეს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით მეშვიდე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს.
კონფერენცია სამეცნიერო-პრაქტიკული ფორმატისაა, მოიცავს პანელურ დისკუსიებს, სადაც დელეგატები ისაუბრებენ საკუთარ გამოცდილებებზე, საერთაშორისო პრაქტიკაზე, ტურიზმზე საქართველოში და გლობალურ გამოწვევებზე. კონფერენციაში სხვადასხვა ქვეყნის 217 წარმომადგენელი მონაწილეობს.
ღონისძიებას ესწრებიან მკვლევარები, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები და სპეციალისტები. მათი ნაწილი დისკუსიებში ონლაინ რეჟიმში ერთვება. გაიმართება სამეცნიერო სესიები, სულ რვა მიმართულებით, მათ შორისაა - ტურიზმის ეკონომიკა, მარკეტინგი და ბრენდინგი, ასევე კულტურული მემკვიდრეობა და ადამიანური კაპიტალი.
კონფერენცია სახელწოდებით „ტურიზმი გამოწვევები და მდგრადი განვითარება“ ორდღიანია და ხვალ მაჭახლის ხეობაში მონაწილეების კულტურულ-შემეცნებითი ტური მოეწყობა.