საერთაშორისო ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშში - „Batumi cup 2026“

03 ივლ 2026

დღეს ბათუმის სპორტის სასახლეში სტარტი აიღო საერთაშორისო ტურნირმა მხატვრულ ტანვარჯიშში - „Batumi cup 2026“-მა. ტურნირში რვა ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. მათ შორის საქართველოსა და საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონ-პრიზიორები.

„Batumi cup“ ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიის მიერ არის დაარსებული და წელს პირველად, მისი ჩატარება ზღვისპირეთში გადაწყდა. შეჯიბრების მთავარი მსაჯია ევროპის ტანვარჯიშის ტექნიკური კომიტეტის პრეზიდენტი.

ტურნირის ორგანიზატორთა თქმით, აღნიშნული შეჯიბრება პირველ რიგში სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას და მომავალ თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ისახავს მიზნად. ქეთი ხატიაშვილის თქმით, „Batumi cup“ ტრადიციული ტურნირი გახდება და ჩვენს ქალაქში ყოველ წელს გაიმართება.

შეჯიბრების პირველ დღეს სხვადასხვა დისციპლინებში გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები, რომლებიც შესაბამისი ხარისხის მედლებით, სიგელებითა და თასებით დაჯილდოვდნენ. საერთაშორისო ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშში - „Batumi cup 2026“ ხვალ დასრულდება.