07 ივლ 2026
სპეციალისტებმა ფაროსანას საწინააღმდეგო იაპონური ქინქლას საველე პირობებში გამოცდა დაიწყეს. 370 სპეციალურად შერჩეულ ლოკაციაზე, სადაც აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური წამლობები არ ტარდება, 30 ათასზე მეტი იაპონური ქინქლა გაუშვეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იაპონური ქინქლა სპეციალისტებმა საქართველოში პირველად 2023 წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აღმოაჩინეს.
მოგვიანებით მისი არსებობა ტურინის უნივერსიტეტის მეცნიერებმაც დაადასტურეს. ამის შემდეგ, სურსათის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ანასეულის ლაბორატორიაში შეიქმნა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, დაიწყო თანამშრომლობა შვეიცარიელ, იტალიელ და თურქ მეცნიერებთან, ხოლო ლაბორატორიულ პირობებში განხორციელდა იაპონური ქინქლას გამრავლება და მისი ფიტოსანიტარიული რისკების შეფასება.
პარაზიტული მწერი უარყოფითად არ მოქმედებს სასარგებლო მწერებზე. იგი კვერცხებს აზიური ფაროსანას კვერცხებში დებს, რის შედეგადაც მავნებლის ახალი თაობა აღარ ვითარდება. მისი ბუნებრივ გარემოში გაშვება და ეფექტიანობის შეფასება უკვე მიმდინარეობს შვეიცარიაში, იტალიაში, აშშ-სა და თურქეთში.