07 ივლ 2026
რუსეთს ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის შეზღუდვა დროებით მოეხსნა, რაც გზას უხსნის 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშის ქვეშ სრულფასოვან გამოსვლას, - ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Telegraph წერს.
დოპინგთან დაკავშირებული სკანდალების, ხოლო შემდგომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსი სპორტსმენები 2018 წლიდან იძულებულნი იყვნენ, გამოსულიყვნენ ნეიტრალური დროშის ქვეშ ან როგორც რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები.
თუმცა, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, რუსეთის ოლიმპიური კომიტეტისთვის დაწესებული შეზღუდვა დროებით მოხსნა.
„საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა საბჭომ დროებით მოხსნა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტისთვის დაწესებული შეზღუდვა, რომელიც ძალაში 2023 წლის 12 ოქტომბრიდან იყო.
გადაწყვეტილება მიღებული იყო სოკ-ის იურიდიულ საკითხთა კომისიის საფუძვლიანი ანალიზის შემდეგ, ვინაიდან რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი თავის შემადგენლობაში აღარ მოიაზრებს რეგიონულ სპორტულ ორგანიზაციებს უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იურისდიქციაში შემავალი ტერიტორიებიდან“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სოკ-ის აღმასრულებელი საბჭო გააგრძელებს აღნიშნულ ტერიტორიებზე რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ნებისმიერი საქმიანობის მკაცრ მონიტორინგს და იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს შემდგომი ზომები.