უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ ურუგვაი დაამარცხეს

08 ივლ 2026

საქართველოში 2026 წლის 20-წლამდელთა რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ ავჭალის სტადიონზე ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ გამართეს და ანგარიშით 56:3 გაიმარჯვეს. ამ გამარჯვებით ახალგაზრდა მორაგბეებმა მეცხრე ადგილის ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს.

უმცროსი „ბორჯღალოსნები“ A ჯგუფში ასპარეზობდნენ, სადაც მათი მეტოქეები ურუგვაისთან ერთად, უელსისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებები იყვნენ. ჯგუფის პირველი მატჩი უმცროსმა მორაგბეებმა უელსის წინააღმდეგ ჩაატარეს და შეხვედრა ანგარიშით 25:24 დათმეს, სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ გამართული მატჩი კი „ჯუნიორ ბოკეს” სასარგებლოდ, ანგარიშით 33:5, დასრულდა.

უმცროსი ბორჯღალოსნები პლეი-ოფის დარჩენილ ორ მატჩს ქუთაისის „აია არენაზე“ გამართავენ. 20-წლამდელთა რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატს საქართველო 18 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს. ჩემპიონატში 16 ქვეყანა მონაწილეობს, თამაშები კი თბილისსა და ქუთაისში იმართება. 

საქართველო „მსოფლიო რაგბის" ახალგაზრდულ ჩემპიონატს მეორედ მასპინძლობს. 2017 წელს თბილისსა და ქუთაისში გამართულმა ჩემპიონატმა დღემდე ჩატარებულ ტურნირებს შორის „მსოფლიო რაგბისგან" საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.