08 ივლ 2026
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში მასწავლებელთა რობოტიკის ბანაკის მონაწილეებს შეხვდა. ლევან ღირსიაშვილმა საუბრისას STEAM განათლების განვითარების მხარდაჭერას და ამ მიმართულებით მასწავლებელთა რობოტიკის ბანაკის ჩატარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
ბანაკში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 407 საჯარო სკოლიდან 500-ზე მეტი მასწავლებელი დარეგისტრირდა. შერჩევის შედეგად გამოვლენილი პედაგოგები საკუთარ სკოლებში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის რობოტიკის კლუბებს დააფუძნებენ.
მასწავლებელთა ბანაკი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომლის მიზანია სკოლებში STEAM და რობოტიკის განათლების განვითარების ხელშეწყობა, მასწავლებელთა პროფესიული კომპეტენციების გაძლიერება და მოსწავლეებისთვის თანამედროვე საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.