დეზინფორმაციაა, რომ ბაჩანა ახალაიას ბრალდება ედავება ბიძინა ივანიშვილის დამხობისკენ მოწოდებას - პროკურატურა

08 ივლ 2026

საქართველოს პროკურატურა მსჯავრდებულ ბაჩანა ახალაიასთან დაკავშირებით მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია, რომ მსჯავრდებულ ბაჩანა ახალაიას ბრალდება თითქოს ედავება ბიძინა ივანიშვილის დამხობისაკენ საჯაროდ მოწოდებას, რაც არასწორია.

„კიდევ ერთხელ საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ, ბაჩანა ახალაიას ბრალდების დადგენილების თანახმად, 2026 წლის 16 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩანა ახალაიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე გაიმართა წინასასამართლო სხდომა, სადაც ბაჩანა ახალაიამ სიტყვით სარგებლობისას განაცხადა, რომ „ეს ხელისუფლება არის დასამხობი, რაც შეიძლება სწრაფად და სასტიკად, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი გზით. ეს არის ერთადერთი გზა და ჩვენ, მეც, თქვენც და ნებისმიერს გვაქვს ლეგიტიმური უფლება ამის გაკეთების და ჩვენ შორის ყველაზე კეთილსინდისიერებს გვაქვს ამის ვალდებულება“. შესაბამისად, მისი ქმედება – სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ მოწოდება დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2026 წლის 6 ივლისს ბაჩანა ახალაია დამნაშავედ ცნო და განუსაზღვრა ორი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა“, – ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.