08 ივლ 2026
ბათუმის სპორტის სასახლეში გრძელდება ტრადიციული, საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი "ბათუმის მერიის თასი", რომელიც წელს უკვე მეათედ ტარდება. ტურნირში 20 ქვეყნის 600-ზე მეტი მოჭადრაკე მონაწილეობს.
შეჯიბრება 8-12 წლის ასაკის, ასევე A; B და C კატეგორიებში ტარდება, სადაც ასაკი შეუზღუდავია. A კატეგორიაში "ფიდეს" მაღალი რეიტინგის მქონე მოჭადრაკეები, მათ შორის საერთაშორისო კლასის ოსტატები და დიდოსტატები ასპარეზობენ. B და C კატეგორიები კი შერეულია და მასში ნებისმიერი მსურველი მონაწილეობს. ტურნირი შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად ტარდება და 10 ივლისს დასრულდება. 11 ივლისს კი შეჯიბრება ბლიცში, ე.წ. სწრაფ ჭადრაკში გაიმართება.
დღეს მეშვიდე ტურის პარტიები იმართება. ექვსი ტურის შემდეგ ქართველი მოჭადრაკეები საპრიზო სამეულში მოხვედრის შანსებს ინარჩუნებენ. საიუბილეო ტურნირზე გაზრდილია საპრიზო ფონდიც, რომელიც 60 400 ლარს შეადგენს. საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი "ბათუმის მერიის თასი" ბათუმის საჭადრაკო კლუბ "ნონას" ორგანიზებით ტარდება.