თბილისის „დინამოს“ და „დილას“ პირველი გამარჯვება კონფერენს ლიგაზე

10 ივლ 2026

უეფა-ს კონფერენსლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „დინამომ“ ლუქსემბურგში „მონდორფი“ 2:1 დაამარცხა და საპასუხო მატჩის წინ უპირატესობა მოიპოვა.

შეხვედრა, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი დაესწრო, „დინამომ“ დამაჯერებლად დაიწყო და ალგასიმ ბასას და მათე ვაწაძის გოლებით პირველი ტაიმი 2:0 მოიგო. მეორე ნახევარში კი „მონდორფმა“ სხვაობა ჰატიმ ფარის გოლით შეამცირა.

„დინამო თბილისი“ ლუქსემბურგის გუნდს 16 ივლისს თბილისში, „მიხეილ მესხი არენაზე“ უმასპინძლებს და შემდეგ ეტაპზე გასვლას შეეცდება. მეორე ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ქართული გუნდის მეტოქე მონტენეგროს „პეტროვაცსა“ და ლიეტუვის „ჟალგირისს“ შორის გამარჯვებული იქნება.

წარმატებით დაიწყო გამოსვლა კონფერენსლიგაზე გორის „დილამაც“, რომელმაც პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სან მარინოს „ვირტუსი“ 3:1 დაამარცხა. გორის „დილა“ „ვირტუსს“ სან მარინოში 16 ივლისს ესტუმრება.