ივნისში უკრაინაში რუსულ იერიშებს 265 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

10 ივლ 2026

ივნისში რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად უკრაინაში 265 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ათას 816 დაშავდა, რაც ყველაზე დიდი მსხვერპლია 2022 წლის თებერვალში მოსკოვის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველი თვეების შემდეგ - განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში როზმარი დიკარლომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

მისივე თქმით, მაისში უკრაინაში დაღუპული და დაშავებული მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობა ყველაზე მაღალი იყო 2022 წლის აპრილის შემდეგ, თუმცა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ივნისში და შესაძლოა ივლისში კიდევ უფრო მაღალ რიცხვს ვარაუდობს. გაეროს პრესსპიკერის თქმით, ივნისის საბოლოო მონაცემები ივლისის ბოლოს გამოქვეყნდება. 

„ნებისმიერი თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, სადაც არ უნდა მოხდეს, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აშკარა დარღვევაა და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს“, - თქვა მან.

ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის შეფასებით,  ომის დაწყებიდან უკრაინაში სულ მცირე 16 ათას 402 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 802 ბავშვი, და 48 ათას 428 დაშავდა, მათ შორის 2 ათას 948 ბავშვი. რეალური ციფრები, სავარაუდოდ, უფრო მაღალია.

რუსეთის ხელისუფლების განცხადებით,  2026 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში რუსეთში 250 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ათას  596 დაშავდა, თუმცა დიკარლოს თქმით, გაეროს არ ჰქონდა ამ ცნობების გადამოწმების შესაძლებლობა.