10 ივლ 2026
ჩრდილოეთ კორეა ბირთვული ძალების „რაოდენობრივად და ხარისხობრივად“ გაძლიერებას აპირებს და ამ მიზნით საჭირო ზომების მიღებას გეგმავს. ქვეყნის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ცოტა ხნის წინ სამხედრო ძალების მოდერნიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო - ინფორმაციას სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.
კიმმა განცხადებები დღეს მმართველი მუშათა პარტიის ცენტრალური სამხედრო კომისიის გაფართოებულ შეხვედრაზე გააკეთა.
ქვეყნის ლიდერმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის უსაფრთხოება და „ნამდვილი მშვიდობა“ მხოლოდ ძლიერი სამხედრო ძალების შექმნით იქნება გარანტირებული, რომელსაც ყველა საფრთხის აღკვეთა შეუძლია.
შეხვედრაზე დაისახა გეგმები საბრძოლო სისტემების ტექნიკური ინფრასტრუქტურის განახლების, ბირთვული ძალების გაფართოებისა და გაძლიერების, ასევე სამხედრო ბაზების სტანდარტიზაციის, სპეციალიზაციისა და მოდერნიზაციის შესახებ.
შეხვედრაზე განიხილეს თანამედროვე საზღვაო ბაზების მშენებლობა და გემთსაშენი ქარხნების სიმძლავრის განახლება, რაც ასახავს საზღვაო ფლოტის სტატუსისა და როლის მნიშვნელოვან ცვლილებას.