11 ივლ 2026
ჩინეთს შეუძლია გადამწყვეტი როლი შეასრულოს რუსეთზე ზეწოლაში, რაც ხელს შეუწყობს უკრაინაში ომის დასრულებას- განაცხადა აშშ-ის სენატორმა ლინდსი გრეჰემმა და აღნიშნა, რომ მომდევნო რამდენიმე თვე დიპლომატიური გადაწყვეტის შესაძლებლობას შექმნის.
გრეჰემი, რომელიც ხშირად სტუმრობს უკრაინას, კიევში შეხვდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. მათ განიხილეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გადაუდებელი საჭიროებები და რუსეთის სანქციების შესახებ კანონპროექტი.
გრეჰემმა თქვა, რომ უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებამ და სანქციების გაფართოებამ შესაძლოა მოსკოვი აიძულოს დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. ჩინეთმა და რუსეთმა „შეზღუდვების გარეშე“ სტრატეგიული პარტნიორობა გამოაცხადეს რამდენიმე დღით ადრე, სანამ პუტინი 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეიჭრებოდა.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობდა ომის დასასრულებლად დიპლომატიური გზების პოვნას, მაგრამ თვეების განმავლობაში ძალისხმევას ხელშესახები შედეგები არ მოჰყოლია. ზელენსკიმ, რომელიც ამ კვირის დასაწყისში ტრამპს ანკარაში ნატოს სამიტის დროს შეხვდა, განაცხადა, რომ მან აშშ-ის პრეზიდენტთან და ზოგიერთ ევროპელ ლიდერთან ომის დასრულებაში ჩინეთის როლი განიხილა. გრეჰემმა ასევე თქვა, რომ ტრამპის გუნდი ახლა მხარს უჭერს რუსეთისთვის სანქციების შესახებ კანონპროექტს, რომელიც თვეების განმავლობაში მუშავდებოდა. დოკუმენტი მიზნად ისახავს რუსეთის სამხედრო ოპერაციების დიდი ნაწილისთვის დაფინანსების წყაროს შეწყვეტას.