ირანი და აშშ ერთმანეთის მიმართ მუქარებს აგრძელებენ

11 ივლ 2026

ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა მოჯტაბა ხამენეი აცხადებს, რომ მისი მოკლული მამის გამო შურისძიება „ერის მოთხოვნაა“  და „აუცილებლად“ უნდა მოხდეს- ნათქვამია სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გავრცელებულ მიმართვაში, რომელიც  ხამენეიმ  მამამისის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალზე გაავრცელა, რომელიც 28 თებერვალს აშშ-ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად მისი დაღუპვიდან რამდენიმე თვის შემდეგ გაიმართა.

„პირობას ვდებ, შურს ვიძიებთ მოწამე ლიდერის და ამ ორი ომის ყველა მოწამის სისხლისთვის დამნაშავე და შერცხვენილ მკვლელებზე. აქ ვიქნებით თუ არა, ამას მივაღწევთ და მალე, მთელ მსოფლიოში თავისუფლების მაძიებელთა შორის, თითოეული ადამიანი შეასრულებს ამ ღვთაებრივი მისიის ნაწილს. როდესაც ცრემლიანი თვალებითა და გატეხილი გულით ვემშვიდობებით შენს ნეშტს, გპირდებით, დავიცავთ შენს სწავლებებს და მტკიცედ მივყვებით შენ მიერ ნაჩვენებ გზას. ამ გზაზე სირთულეების არ შეგვეშინდება და, შენსავით, ღვთაებრივ დაპირებებსა და კურთხევას ჩავეჭიდებით“.

თეირანს ემუქრება ვაშინგტონიც. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან სამხედროებს უბრძანა, მზად იყვნენ ირანის წინააღმდეგ დარტყმებისთვის, თუ ირანის მთავრობა პრეზიდენტის მკვლელობას განახორციელებს ან შეეცდება.

„ათასი რაკეტა მზადყოფნაშია მოყვანილი და მიმართულია ირანის ისლამური რესპუბლიკისკენ, რომელსაც დამატებით ათასობით რაკეტა დაუყოვნებლივ მოჰყვება, თუ ირანი თავისი მუქარის შესრულების მიზნით იმოქმედებს, რომელიც მსოფლიოს ბევრ კუთხეში გაისმა, რომ მოკლას ან შეეცადოს მოკლას აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, ამ შემთხვევაში მე.  აშშ-ის სამხედრო ძალები მზად არიან და შეუძლიათ ერთ წლის განმავლობაში, ვადის გაგრძელების შესაძლებლობით, ირანის ყველა რეგიონი სრულად გაანადგურონ. მე უკვე დიდი ხანია მათ სიაში ვარ. მე ინსტრუქციები დავტოვე: თუ რამე მომივა, პირდაპირ დაბომბეთ ისინი ისეთ დონემდე, როგორიც ჯერ არასდროს უნახავთ“.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი  ომანში ჩავიდა, რათა  ჰორმუზის სრუტეში  უსაფრთხო ნაოსნობის აღდგენის საკითხები განიხილოს. ამერიკის შეერთებული შტატები მოითხოვს,  ირანმა საჯაროდ განაცხადოს, რომ შეწყვეტს სრუტეში გემებზე თავდასხმებს და რომ ყველა ზოლი ღია იქნება გადასახადის გარეშე, რომელიც ომამდე გლობალური ნავთობის მარაგების ერთ მეხუთედს ატარებდა.  ირანსა და აშშ-ს შორის გასულ თვეში მიღწეული შუალედური შეთანხმება მიზნად ისახავდა მეხუთე თვეში მყოფი კონფლიქტის დასრულებას, რომელმაც ათასობით ადამიანი იმსხვერპლა, შეაფერხა მსოფლიო ენერგომომარაგება და გააჩინა გლობალური ეკონომიკური ვარდნის საფრთხე.